სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-2027
შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში - ქვემო ქართლი
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სასკოლო სპორტის პროგრამების განვითარებისა და რეგიონში მათი განხორციელების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი კონსტანტინე ამირაჯიბი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ფედერაციის წარმომადგენლები და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში სასკოლო სპორტის მიმდინარე პროცესებზე, მუნიციპალიტეტების ჩართულობასა და ახალი სეზონის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე.
ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ დონეზე სასკოლო სპორტული პროგრამების კიდევ უფრო გაძლიერებაზე, მუნიციპალიტეტებსა და ფედერაციას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებასა და სპორტულ აქტივობებში მეტი მოსწავლის ჩართვის შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს „საქართველოს სასკოლო ლიგის“ განვითარების მიმართულებები და მუნიციპალური ნაკრებების ჩართულობის მნიშვნელობა, როგორც მოზარდებისთვის სპორტული შესაძლებლობების გაფართოების ერთ-ერთი გზა.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. მათი მიზანია ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება და სასკოლო სპორტის პროგრამების ეფექტიანი და თანმიმდევრული განხორციელების ხელშეწყობა.



