სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

პროგრამის შესახებ
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, არის საქართველოში მოქმედი ყველაზე მასშტაბური პროგრამა, რომელშიც ყოველწლიურად ერთვება 100 000-ზე მეტი მოსწავლე.
მისი ისტორია 2015 წლიდან იწყება. სწორედ ამ წელს გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი თამაშები, რომლის დასკვნით ეტაპს ანაკლიის მომავლის ბანაკმა უმასპინძლა.
ამ დროიდან სასკოლო სპორტული ოლიმპიადა უკვე ყოველწლიურად იმართება საქართველოს ყველა რეგიონში და მოიცავს მუნიციპალური, რეგიონული, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშებისა და დასკვნითი თამაშების ეტაპებს.
დასკვნით თამაშებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდნენ ქუთაისი, თბილისი, ოზურგეთი, ზუგდიდი და სენაკი.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იმართება მინი ფეხბურთში, 3x3 კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში, მძლეოსნურ გეზრბენსა და მხიარულ სტარტებში.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორწლიანი ციკლის გამარჯვებული სკოლები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატების საგზურებს მოიპოვებენ.