სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-2027
სამუშაო შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციებში - შიდა ქართლი
შიდა ქართლის რეგიონი სასკოლო სპორტის ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება.
სწორედ სამომავლო გეგმების, მიმდინარე პროგრამებისა და საორგანიზაციო დეტალების განსახილველად, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი კონსტანტინე ამირაჯიბი და ფედერაციის წარმომადგენელი დავით ყანადაშვილი.
კონსტანტინე ამირაჯიბმა დამსწრეებს გაუზიარა ის წარმატებული შედეგები, რაც სასკოლო სპორტის მიმართულებით ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო ასპარეზზე უკვე მიღწეულია. ამის პარალელურად, მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს ახალ სეზონზე - რა სპორტული ღონისძიებები იგეგმება რეგიონში და როგორ უნდა გაძლიერდეს კოორდინაცია მუნიციპალიტეტებთან.
შეხვედრის მთავარი აქცენტი მაინც სასკოლო სპორტის კვირეულზე გაკეთდა, რომელიც 21-26 სექტემბერს გველოდება. მონაწილეებმა იმსჯელეს სკოლების მაქსიმალურ ჩართულობაზე, დაგეგმილ აქტივობებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა ვაქციოთ ეს კვირეული მოსწავლეებისთვის ნამდვილ სპორტულ დღესასწაულად.