სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი - მაკედონია 2026
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი - ხელბურთი
ხელბურთში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგები ცნობილია
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 2026 წლის ხელბურთის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე სასკოლო სპორტის აკადემიისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლის ხელბურთელ გოგონათა და ვაჟთა გუნდების მეტოქეები გამოვლინდნენ.
ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი C ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები ბელგიის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სლოვაკეთის ჩემპიონი გუნდები იქნებიან. ვაჟები კი A ჯგუფში ჩეხეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთისა და საუდის არაბეთის ხელბურთელთა გუნდებს დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება სასკოლო სპორტის აკადემიას, ის D ჯგუფშია, სადაც მეტოქეობას თურქეთის, ხორვატიის, ბელგიის, სლოვაკეთისა და გერმანიის ხელბურთელთა გუნდებს გაუწევს.
ხელბურთის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები ხვალ, 22 აპრილს დაიწყება და 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ქართველ ხელბურთელებს საერთაშორისო არენაზე წარმატებულ ასპარეზობასა და გამარჯვებას ვუსურვებთ!


