„შექმენი სპორტული ჯილდო“
„შექმენი სპორტული ჯილდო“
„შექმენი სპორტული ჯილდო“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის სპორტულ-შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი წარმოსახვით შექმნან სპორტული ჯილდო და თავად გადაწყვიტონ, ვის და რისთვის გადასცემდნენ მას.
პროექტის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ქმნიან მედლის, თასის ან სიგელის დიზაინს, არქმევენ მას სახელს და განსაზღვრავენ მის დანიშნულებას. ნამუშევარი შეიძლება იყოს ნახატი, დიზაინის ესკიზი ან ხელნაკეთი ჯილდო. მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან „მეგობრობის მედალი“, „საუკეთესო თანაგუნდელის თასი“, „სამართლიანი თამაშის ჯილდო“ ან მოიფიქრონ სრულიად ახალი იდეა, რომელიც მათთვის მნიშვნელოვან სპორტულ ღირებულებას გამოხატავს.
პროექტის მთავარი იდეაა, მოსწავლეებმა სპორტული ჯილდო მხოლოდ გამარჯვებასა და პირველ ადგილს არ დაუკავშირონ, არამედ ყურადღება გაამახვილონ იმ თვისებებსა და ქმედებებზე, რომლებიც სპორტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მეგობრობა, გუნდურობა, მონდომება, ურთიერთპატივისცემა, მხარდაჭერა და სამართლიანი თამაში ის ღირებულებებია, რომელთა წარმოჩენასაც პროექტი მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრების საშუალებით ისახავს მიზნად.
პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნებისა და თვითგამოხატვის უნარების განვითარებას, სპორტისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და სპორტული ღირებულებების უკეთ გააზრებას.