ჩვენს შესახებ
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია
ჩვენი მიზანია საქართველოში ბავშვთა და სასკოლო სპორტი იყოს ისევე განვითარებული, როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია. გვინდა, რომ ჩვენი მოზარდები სისტემატიურად იყვნენ ფიზიკურ აქტივობებში ჩართულნი, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით და ამასთან მოუპოვონ გამარჯვებები თავიანთ სკოლას, ქალაქს და საერთშორისო ასპარეზზე ჩვენს ქვეყანას.
ამ მიზნის მისაღწევად ვართ და ვსაქმიანობთ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციაში. ფედერაციაში, რომელიც არის საქართველოში, სკოლამდელი და სასკოლო სპორტის პოლიტიკის წარმართველი და მასზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია და ფლობს აღიარებული ფედერაციის სტატუსს.
არ გვაქვს საქმიანობის დიდი ხნის ისტორია, მაგრამ გვაქვს უკვე დანერგილი და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი, სასკოლო სპორტის მეგა პროგრამები.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია შეიქმნა 2006 წლის 16 ნოემბერს.
მას თავიდან საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია ეწოდებოდა.
პირველი მეგა პროექტი, რომლითაც ფედერაციამ საზოგადოებას თავი გააცნო, „მხიარული სტარტები“ იყო, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით, ყოველკვირა გადაიცემოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.
დღეისთვის, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ, შემუშავებული და მთელი ქვეყნის მასშტაბით მართული პროგრამებია: სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს სასკოლო ლიგა, მხიარული სტარტები, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი „თავისუფლების თამაშები“ და სხვ.
ფედერაცია გამოსცემს ელექტრონულ ჟურნალს „სასკოლო სპორტი“, რომელიც, ელექტრონული სახით, საქართველოს ყველა სკოლაში ვრცელდება.
2014 წლიდან, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია არის სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის წევრი [International School Sport Federation – ISF], რაც საქართველოს სკოლებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სასკოლო სპორტის საერთაშორისო ღონისძიებებში - სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებსა და გიმნაზიადებში.
ფედერაცია აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სპორტის სამინისტროსთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოებთან, სქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტის სახეობების ფედერაციებთან, სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას ჰყავს ძლიერი გუნდი, რომლის მეშვებით უზრუნველყოფს ქვეყანაში სკოლამდელი და სასკოლო სპორტის განვითარებას.
ჩვენი დევიზია „ვისწავლოთ გამარჯვება!“
